29 ოქტომბერს გვიან ღამით მძიმე დანაშაული მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში. მამაკაცმა მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა.
სამართალდამცავებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის ზურა ზურაშვილი დააკავეს. რა
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული მამაკაცი თემურ (დემურ) ღვედაშვილია, დაჭრილი ქალი კი ნათია კანდელაკიშვილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ მეგობრები იყვნენ და ნათელმირონობაც აკავშირებდათ. ღვედაშვილი ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო.
ის და დაჭრილია ქალი ბოლო რამდენიმე პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ, მას მერე, რაც მამაკაცი პატიმრობიდან გათავისუფლდა. დაკავებული მამაკაცის ახლობლის თქმით, კანდელაკიშვილი და ზურაშვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.
“ბრალდებული და მოკლული მეგობრობდნენ, მათი ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გართულდა, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლთან მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა”.
დანაშაული მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, შეიარაღებული ზურაშვილი ღვედაშვილთან მივიდა, ისინი ერთმანეთს ეზოში შეხვდნენ, ადგილზე იყო ნათია კანდელაკიშვილიც. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ 43 წლის მამაკაცმა გულ-მკერდის არეში ჯერ მეგობარს ესროლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი დაჭრა.
AMBEBI.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, რომ მოკლული კაცი სხვა საქმეზე პატიმრობაში თითქმის 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის მერეც მან და დაკავებულის ყოფილმა ცოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
“ციხიდან რამდენი დღის წინ გამოვიდა, მე როგორც ვიცი, გათავისუფლებამდე მუქარებს უთვლიდა ბრალდებულს. ოჯახის ახლობლები ვფიქრობთ, რომ ამან დაასწრო და მოკლა. მართალია ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმარს შერიგება სურდა, თუმცა ქალი უარზე იყო. ღამე ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. როგორც გავიგე, მოკლულის ოჯახში იყვნენ და იქ ესროლა ორივეს. ქალი საავადმყოფოშია. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
