1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ასეთი წერილობითი თანხმობა კი, მხოლოდ ერთი წლის ვადით შეიძლება გაიცეს.
იგივე პრინციპი მოსამართლეებზეც ვრცელდება.
საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებდეს, თუმცა აქამდე მოქმედი კანონით, ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდებოდა. კანონში განხორციელებული და უკვე ძალაში შესული ცვლილებებით, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.
ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.
იმ შემთხვევაში თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი აღნიშნულ კანონს დაარღვევს, საჯარო სექტორში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება და 2 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალება.
როგორც ინიციატივის ავტორი დეპუტატები ცვლილებების მიღებისას განმარტავდნენ, მსგავსი მიდგომით გატარებული იქნება პრევენციული ღონისძიებები, “რათა საჯარო მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე გადაწყვეტილების მიღება“. ამასთან, როგორც პროექტის საპარლამენტო განხილვის დროს ითქვა, ინიციატივა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო უწყებებში უცხო ქვეყნის ჩარევა არ ხდებოდეს.