პარლამენტს უკვე წარედგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებადი ვარიანტი.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დღეიდან დაიწყება.

კერძოდ, საკომიტეტო განხილვები 4-10 ნოემბრის პერიოდშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიურ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში საუბარია სახელმწიფო ასაკობრივი პენსიის ზრდაზე. შესაბამისად, 2026 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანთა პენსია 45 ლარით გაიზრდება. უფრო კონკრეტულად:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

„გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით.

ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%- იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარი,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივ ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს შეადგენს.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *